ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაჰინი: ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი და არა ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობა


აშშ-ის სენატის ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, რუსეთის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება.

სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილი არ არის ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც დემოკრატიას და ევროპას შეესაბამება და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები, მათი მოქალაქეების სურვილებს“ - წერს „ტვიტერზე“ სენატორი შაჰინი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. 15 მაისიდან კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

11 მაისს, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. უწყებას მიაჩნია, რომ „პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს".


"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება.

ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან" - წერია „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ სახელმწიფო დეპარტამენტი, წერილობით პასუხში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG