ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ISIS-ის „აჭარის ჯამაათის იმამი“ სირიაში მოკლეს


სურათზე: ხვიჩა გობაძე (მარცხნივ) სირიის ტერიტორიაზე
სურათზე: ხვიჩა გობაძე (მარცხნივ) სირიის ტერიტორიაზე

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს იმამი“ დასავლეთ საქართველოში, 22 წლის ხვიჩა გობაძე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იყო საქმე აღძრული, სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა. ამის შეხებ ინფორმაცია, გობაძის მეუღლემ სალი ქათამაძემ, სოციალური ქსელით გაავრცელა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გობაძე სირიაში საავიაციო დაბომბვას შეეწირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, გობაძე იყო ერთადერთი პირი დასავლეთ საქართველოში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ნებართვით, ბაიათის, ანუ ფიცის მიღება შეეძლო. ბაითის მიცემის შემდეგ კი, მის მიერ გადაბირებული პიროვნება ავტომატურად ემორჩილებოდა ტერორისტულ ორგანიზაციას, ანუ „ისლამური სახელმწიფოს ხალიფს“. გობაძემ ასეთი „ბაიათი“ რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქისგან მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია.

თვითონ უსაფრთხოების სამსახურის ხალხმა მითხრა, რომ გობაძესთან დადის, ეგ საეჭვო პირია და შენ შვილს მოხედეო. ვეღარ მოვხედე, უკვე გვიანი იყო. ჩემმა შვილმა ბათუმში გაიცნო ეგ ბიჭი, მანდ მუშაობდა და ახალშენის მეჩეთში დადიოდა თურმე
თამაზ ირემაძე

კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით, ხვიჩა გობაძეს საქართველოში ყოფნის დროს, მჭიდრო კავშირი ჰქონდა, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამთან აიუფ ბორჩაშვილთან, რომელიც ტერორისტულ ორგანიზიაციას აღმოსავლეთ საქართველოში წარმოადგენდა. გამოძიებისთვის, ასევე ცნობილია, რომ „პანკისის ჯამაათი“ „აჭარის ჯამაათს“ ფინანსურად ეხმარებოდა და გობაძეს საქართველოში ყოფნის დროს ავტომობილიც კი შეუძინა.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის ივნისში დააკავა. ხვიჩა გობაძემ კი საქართველო იმავე წლის, აგვისტოს ბოლოს დატოვა და სირიაში გადავიდა. გობაძის მიერ გადაბირებული ნასაკირელი ბადრი ირემაძის მამა, თამაზ ირემაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მას, ჰქონდა ინფორმაცია, რომ დააკავებდნენ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურების ქვეშ იყო.

„თვითონ უსაფრთხოების სამსახურის ხალხმა მითხრა, რომ გობაძესთან დადის, ეგ საეჭვო პირია და შენ შვილს მოხედეო. ვეღარ მოვხედე, უკვე გვიანი იყო. ჩემმა შვილმა ბათუმში გაიცნო ეგ ბიჭი, მანდ მუშაობდა და ახალშენის მეჩეთში დადიოდა თურმე.

აკრძალვა რო დავუწყე, როცა გამაფრთხილეს, მითხრა არაფერს არ ვაკეთებთ დავდივართ, ყურანს ვსწავლობთ და ვლოცულობთო. ვუთხარი, აგერც ისწავლება, გამოდით, ბათუმის მთავარ მეჩეთში მიდი მეთქი, არაფერს არ ვაშავებო და რავიცი.“

რადიკალი ისლამისტი ხვიჩა გობაძე ქართული საზოგადოების ყურადღების ქვეშ, შარშან, ნოემბრის ბოლოს მოექცა. გობაძემ მის მიერვე გადაბირებულ პირებთან: ბადრი ირემაძესთან, როინ პაქსაძესთან და მამუკა ანთაძესთან ერთად, სირიიდან ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს სისხლისღვრით ემუქრებოდა.

ამ მუქარას შედეგად ის მოჰყვა, რომ 2015 წლის დეკემბერში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით, გურიასა და აჭარაში რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის: ხვიჩა გობაძის დეიდაშვილი ლაშა გობაძე, ბადრი ირემაძის დეიდაშვილი მირიან ბერიძე და მისი მეზობელი სოფელ ნასაკირალში, ჯამბულ აბდულაევი. ეს უკანასკნელი გურიაში, გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნებული მაჰმადიანი მესხების შთამომავალია.

დააკავეს ასევე გია ბახუნტარიძე, რომელიც ჭიდაობის მწვრთნელის თემურ ბახუნტარიძის ვაჟია. უფროსი ბახუნტარიძე 2014 წელს, ჩეჩენი იუსუფ ლაკაევის გახმაურებულ საქმეზე გაასამართლეს და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავად ბახუნტარიძე ამბობდა, რომ ისლამის გამო იდევნება. იგივეს აცხადებენ დღეს, დეკემბერში დაკავებული პირების ოჯახებიც. გამოძიება ამ საქმეზე ჯერ კიდევ გრძელდება.

სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს ბიჭი ტერორისტად იქცა. მას შეეძლო ძალიან კარგი კარიერა გაეკეთებინა ბევრი მიმართულებით.“
ხვიჩა გობაძის თანაკლასელი

საპირისპირო მოსაზრება აქვს, სირიაში მებრძოლი ბადრი ირემაძის მამას თამაზ ირემაძეს. იგი თავად აღმსარებლობით მუსლიმია, თუმცა ამბობს, რომ რადიკალური ისლამის ბაცილამ, საქართველოში უკვე ბევრ მოწრმუნე ახალგაზრდას აურია ცხოვრება და ბევრი ოჯახი გაამწარა.

„ჩემი მეორე დისშვილი დაჭერილი როა, ის ბიჭი, მაგის ოჯახი და ბევრი სხვა ოჯახი ამ სოფელში, სადაც მე ვცხოვრობ, ასე რადიკალურად სარწმუნოებას მისდევენ, 20 წელზე მეტია უკვე, საბჭოთა გარდაქმნის მერე. ამიტომ არ შემშინებია, ვიფიქრე ასე ცხოვრობს ეს ხალხი ამდენი ხანია მეთქი.

თან ჩემი შვილი მარწმუნებდა, რომ ერთი ბიჭი ვარ ოჯახშიო, თქვენ უნდა მოგხედოთო და შარიათის კანონით წასვლის უფლება არ მაქვსო. სულ ამას მაჯერებდა, მაგრამ როგორც ბევრი სხვა მეც მოვტყუვდი და ჩაითრიეს მაგ იმაში საერთოდ.“

22 წლის ხვიჩა გობაძე ხულოს რაიონის სოფელ დიდააჭარიდან იყო, თუმცა ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსით მოუხდა მშობლიურ სოფლის დატოვება და ისინი საცხოვრებლად წალკის რაიონის სოფელ არწივანში (ყოფილი ჯინისი) გადავიდნენ.

წალკის სკოლაში სწავლის დროს, გობაძე ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა, განსაკუთრებით, მათემატიკის განხრით. მასწავლებლების რეკომენდაციით, იგი კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ მიიწვია. კომაროვში გობაძემ ორი წელი ისწავლა და ამ დროის მანძილზე, თბილისში, სკოლის პანსიონში ცხოვრობდა.

გობაძის თანაკლასელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ „მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს ბიჭი ტერორისტად იქცა. მას შეეძლო ძალიან კარგი კარიერა გაეკეთებინა ბევრი მიმართულებით.“

სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს ბიჭი ტერორისტად იქცა. მას შეეძლო ძალიან კარგი კარიერა გაეკეთებინა ბევრი მიმართულებით.“

კომაროვის შემდეგ, გობაძე ბათუმის ერთ-ერთ მუსლიმურ სასწავლებელში შევიდა და თან სოფელ ახალშენის მეჩეთის აქტიური მრევლი გახდა. ამ დროს, გოგაძეები უკვე ახალშენში ცხოვრობდნენ. ბოლოს კი რელიგიური განათლება ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიიღო, სადაც ყურანი და არაბული საფუძვლიანდ შეისწავლა.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ხვიჩა გობაძე უკვე საქართველოს მე-16 მოქალაქეა, რომელიც სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მოკლეს.

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016)

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)

36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)

24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)

18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)

22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014)

24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)

22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)

24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)

22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი, 2016)

XS
SM
MD
LG