ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ერაყელი სტუდენტების წინააღმდეგ


სურათზე: ერაყელი სტუდენტები ქუთაისში სწავლის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ
სურათზე: ერაყელი სტუდენტები ქუთაისში სწავლის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს), კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ერაყის რვა მოქალაქეს ბინადრობის ნებართვა შეუწყვიტა.

“უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაში აქვს უფლება უარი უთხრას უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე, თუ არსებობს კომპეტენტური სამსახურის, შესაბამისი დასკვნა, რომ ეს პიროვნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ერაყის რვავე მოქალაქე, რომლებსაც ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი უკვე მესამე კურსზე სწავლობენ. რამდენიმე მათგანი ერაყის ქალაქ ტიკრიტიდან არის, რომელსაც 2014-15 წლებში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ასევე არიან სტუდენტები კირკუკისა და სალაჰ ედ დინის პროვინციებიდან.

რეალურად რა გახდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ასეთი რადიკალური დასკვნის გაკეთების საფუძველი უცნობია, დასკვნა გასაიდუმლოებულია, სუს-ში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ერაყელი სტუდენტი აბდულსატარ ლაფტა ამბობს:

„ჩვენ რვავე სტუდენტი ერაყიდან უკვე მესამე წელია ქუთაისში ვსწავლობთ. ეს პრობლემა რომელიც ახლა შეგვექმნა გამაოგნებელია. დეკემბერში ეს პრობლემა 12 სტუდენტს შეექმნა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დადებითი დახასიათება მოგვცა და თან შესაბამისს სტრუქტურებს მიმართა, ოთხი სტუდენტის პრობლემა მოგვარდა.

ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დღემდე სახელმწიფოსთვის საშიშ ელემენტებად გვაცხადებენ. იძულებულს გვხდიან სწავლა შევწყვიტოთ და ერაყში დავბრუნდეთ.
ერაყელი სტუდენტი ქუთაისში

თუმცა ჩვენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დღემდე სახელმწიფოსთვის საშიშ ელემენტებად გვაცხადებენ. იძულებულს გვხდიან სწავლა შევწყვიტოთ და ერაყში დავბრუნდეთ“

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა ინფორმაციის საფუძველზე მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ასეთი გადაწყვეტილება. თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ერაყელ სტუდენტებს დადებითად ახასიათებს: ისინი ბეჯითად სწავლობენ, დროულად იხდიან სწავლის საფასურს და არ არღვევენ სასწავლებლის შიგა განაწესს. უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე ამბობს:

„უნივერსიტეტმა მათ მისცა დადებითი დახასიათება და რეკომენდაცია და რატომ არ გაუგრძელეს ბინადრობის უფლება ნამდვილად არ ვიცი, არც არავინ იცის.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია მიიჩვენს, რომ “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ორივე პუნქტი მეტად ბუნდოვანია და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამ შემთხვევაში, ერაყის მოქალაქეების უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განათლება მიიღონ.

„სამწუხაროდ კონტრადზვერვის დასკვნა და მთელი ეს მასალები არის საიდუმლო. თან, კანონი არ არის განჭვრეტადი. როგორ უნდა დავასაბუთოთ-არის პირის ყოფნა ქვეყანაში მიზანშეწონილი თუ არ არის?

ერთმნიშვნელოვნად, ამ ადამიანების ღირსებაც კი ილახება, იმიტომ რომ მათ არც კი იციან, რატომ უნდა დატოვონ ჩვენი ქვეყანა?“

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით პრობლემა, პირველად 2015 წლის დეკემბრის ბოლოს შეექმნათ.

ოთხ მათგანს იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა სასწავლო ბინადრობის გაგრძელებაზე, მათ შორის იყვნენ ადინ სულეიმან ლილო და ესამ მუჰსენ ალოანი, რომლებიც საქართველოში 2013 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობენ. 5 დღეში, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და ოთხ ერაყელ სტუდენტს სწავლის გაგრძელების უფლება მისცა.

თუმცა, პარალელურად, იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის ნებართვის გარეშე დატოვა რვა ერაყელი სტუდენტი, რომლებიც მას შემდეგ,პროტესტის ნიშნად ლექციებს აღარ ესწრებიან და აქციებს აწყობენ. მათ სოლიდარობას ქართველი სტუდენტებიც უცხადებენ. დღეს ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

XS
SM
MD
LG