ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის არმია ქართული „დიდგორით“ აღიჭურვება


ქართული "დიდგორი" საუდის არაბეთის უდაბნოში
ქართული "დიდგორი" საუდის არაბეთის უდაბნოში

საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალები, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში, იემენის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში არიან ჩართული, იანვრის ბოლომდე, 12 ერთეულ,საქართველოში წარმოებულ, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორ-Medevac-ს მიიღებს.

ქართული სამხედრო მრეწველობისთვის ამ ისტორიული კონტრაქტის გაფორმება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს დახურული ტენდერი და 90 მილიონი ლარის ოდენობის კონტრაქტი მოიგო.

ამ კონტრაქტის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში, საქართველოში აწყობილი, 100-ზე მეტი „დიდგორი“ გაიგზავნება. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ერთი ერთეული ქართული ჯავშანმანქანის ფასი, 240 000-დან 290 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

„ეს არის უნიკალური პროექტი, ასეთი მოცულობის მიწოდება არ განხორციელებულა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
უჩა ძოძუაშვილი, "დელტას" გენერალური დირექტორი

თბილისის საავიაციო ქარხნის - თბილავიამშენის მიერ წარმოებული ავიამოიერიშე სუ-ების შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როცა ქართული სამხედრო პროდუქცია ექსპორტზე გავა. „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ამბობს:

„ეს არის უნიკალური პროექტი, ასეთი მოცულობის მიწოდება არ განხორციელებულა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალით შექმნილი და აქ ადგილზე რეალიზებული პროდუქტი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საუდელებთან ვსაუბრობთ, არა მხოლოდ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებზე, არამედ ყველა იმ სხვადასხვა მოდიფიკაციაზე, რომლებიც „დიდგორის“ უნიფიცირებულ პლატფორმაზე შესაძლებელია რომ განხორციელდეს.

კონტრაქტის თანხა 100 მილიონ ლარზე ოდნავ მცირეა. ამავე დროს, გვაქვს საუდელებთან წინასწარი მოლაპარაკებები - 200 მილიონ ლარიან და კიდე დამატებით, მომავალ, 90 მილიონ ლარიან კონტრაქტებზე.“

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს დახურულ ტენდერში, „დიდგორის“ გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწუნებთ, როგორი კონკურენტები ჰყავდა ქართულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას. ესენი არიან ლიდერები ამ სფეროში, კერძოდ, ამერიკული Oshkosh, IAG (International Armored Group) და Lenco, კანადური Streit Group და ავსტრიული Magna-Steyr.

ექვსი კონკურენტი ჯავშანმანქანის ჭიდილი არაბეთის ნახევარკუნძულზე 2014 წლის სექტემბერში მოეწყო. უგზოობის, გზატკეცილისა და ცხელი უდაბნოს პირობებში, მანევრირებითა და ტექნიკური მახასიათებლებით (ძრავის გაგრილება, საკაცეების განლაგება, უკანა კარის სიდიდე, კონდიციონერი)„დიდგორმა“ უკან ჩამოიტოვა ოთხი კონკურენტი და ფინალურ ეტაპზე, ამერიკულ Lenco-სთან ერთად გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ სამხედრო ჯავშანმანქანა Lenco-ს უკვე წლებია დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული, როგორც საკუთრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, ბრაზილიასა და კანადაში. თუმცა, საუდის არაბეთის ტენდერში, Lenco „დიდგორთან“ მაინც დამარცხდა, მათ შორის ფასის მხრივაც.

ტესტირების შედეგების ანალიზის შემდეგ, „დელტამ“„დიდგორი“ საუდელების დამატებით მოთხოვნებს მოარგო: გაიზარდა ჯავშანის სისქე, შეიცვალა ცხვირის დიზაინის ფორმა, ფერი და ჯავშანმანქანაზე წითელი ნახევარმთვარის ნიშანი გაჩნდა. „დელტას“ კომერციული დირექტორი ოთარ ჩიტეიშვილი ამბობს

„მტავარი კონკურენტული უპირატესობა რაც, „დელტას“ გააჩნია საერთაშორისო კლიენტებისთვის, ეს გახლავთ კლიენტზე მორგების შესაძლებლობა. კლიენტის დაკვეთით კონკრეტული პროექტის შექმნა და შემდეგ მასიურ წარმოებაში გადატანა ეს არის დიდი პლუსი და უპირატესობა.“

საქართველოში „დიდგორის“ ექსპერიმენტული მოდელების შექმნა 2011 წელს, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით დაიწყო. „დიდგორის“ გამოკვეთილი დიზაინი კი ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერის ზვიად ციკოლიას დამსახურებაა.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, ისევე როგორც სხვა „დიდგორები“ ამერიკული „ფორდის“ მძიმე პიკაპის4×4-ზე შასიზეა აწყობილი. ჯავშანმანქანის წონა 8200 კილოგრამია. ორმაგი ტურბო დიზელის ძრავის სიმძლავრე - 356 ცხენის ძალა, რაც საშუალებას აძლევს გზატკეცილზე 120 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს.

„დიდგორს“ გააჩნია NATO-ს სტანდარტის შესაბამისი ორ ფენიანი ჯავშანდაცვა, კორპუსის შიგნით ასევე განლაგებულია ჯავშანფილები და პანელები. ძარაც ჯავშანფოლადის ფენისგან არის დამზადებული, რაც ტყვიების, ჭურვებისა და ნაღმებისგან მაქსიმალურად იცავს.

„დიდგორის“ ორ კაციან ეკიპაჟს, ბრძოლის ველიდან ოთხი ან მეტი დაჭრილის გამოყვანა შეუძლია. სწორედ ამ მიზნით,ჯავშანმანქანა აღჭურვილია ოთხი საკაცითა და სამედიცინო აპარატურით. „ამერიკის ხმას“ „დელტაში“ დაუდასტურეს, რომ ქართულ „დიდგორს“ დიდი ინტერესით აკვირდება რამდენიმე აფრიკული ქვეყანაც, მათ შორის, ეგვიპტე და კონგო.

XS
SM
MD
LG